მთავრობაში ყველაფერი უცვლელია, ორი მინისტრის გარდა – ღარიბაშვილმა კანდიდატები წარადგინა

  •  

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაასახელა. ღარიბაშვილის მთავრობაში ორი მინისტრი იცვლება, სხვა ყველა უცვლელია.  

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას უწყების მეორე პირი, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს კი მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. დანარჩენი მინისტრები არ შეიცვლებიან.

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარვუდგინე. ჩემი გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტში მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი გვეყოლება, სხვა წევრები კი დაკავებულ თანამდებობაზე დარჩებიან. თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რომელიც სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, იგი არის წარმატებული მენეჯერი და მე მჯერა, რომ იქნება წარმატებული თავდაცვის მინისტრი. ამავდროულად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ქციტიშვილის, მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან, მაია ცქიტიშვილი მადლობით გააცილა ყველა იმ დამსახურებისთვის, რაც მან მინისტრობისას გააკეთა.

„მინდა ქალბატონ მაია ცქიტიშვილს გულწრფელი მადლობა გადავუხადო მისი ერთგული სამსახურისთვის, ჩვენი ქვეყნისათვის გაწეული არაჩვეულებრივი საქმიანობისთვის, რომელიც ცხრა ცლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ მთავრობას, უკვე ხუთი პრემიერ – მინისტრის მთავრობას და მე მინდა, მას კიდევ ერთხელ, ჩვენი გუნდის სახელით და პირადად ჩემგან გულწრფელი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

მსგავსი თემები