“ოპოზიციაში ასე თუ ნერვიულობენ მანდატების გაუქმებაზე, გაბრაზებული პათოსით საუბარს თავი დაანებონ და საკუთარი განცხადებები გაიტანონ” – მამუკა მდინარაძე

  •  

ოპოზიციაში ასე თუ ნერვიულობენ მანდატების გაუქმებაზე, გაბრაზებული პათოსით საუბარს თავი დაანებონ და საკუთარი განცხადებები გაიტანონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მომხრეა, რომ მათ უფლებამოსილება შეუწყდეთ, რადგან ეს თავადვე სურთ.

„როგორც ჩანს, ოპოზიციაში მანდატებზე ნერვიულობენ. ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები პირადი ემოციის და აზრის დონეზე ეკითხებოდნენ დეპუტატებს, მხარს დაუჭერდნენ თუ არა მანდატების შეწყვეტას. თუ ნერვიულობენ, საკუთარი განცხადებები გაიტანონ და გარანტია ექნებათ, რომ უფლებამოსილება არ შეუწყდებათ. რაც შეეხება ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, სხვაგვარი გადაწყვეტილების შესახებ ჯერ ცნობილი არაფერია. განსხვავებული აზრები არსებობს, მაგრამ უმრავლესობის განწყობაა, რომ შეუწყდეთ, რადგან მათი სურვილი მყარი არგუმენტია. კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, მაგრამ გარანტიას ვერავის მივცემ, რომ უფლებამოსილება არ შეუწყდებათ. როგორც ჩანს, ამაზე ნერვიულობენ და განიცდიან. თუ ასე ნერვიულობენ, გაბრაზებული პათოსით საუბარს თავი დაანებონ. თავისუფალი კენჭისყრის გადაწყვეტილება უმრავლესობაში ჯერ არ დამდგარა. 2 თებერვლამდე კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. პრაქტიკულად, თავისუფალ კენჭისყრაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები