“საქართველოს 160 მოქალაქე დაპატიმრებული იყო სამხრეთ ოსეთის შსს-ს შენობის სარდაფში, დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში” – სტრასბურგის დადგენილება

სტრასბურგის სასამართლომ დაადინა, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლს, რაც გულისხმობს 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავების პირობებსა და იმ დამამცირებელ მოქმედებებს, რომლებსაც ისინი ექვემდებარებოდნენ და რამაც მათ უდაო ტანჯვა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა მოუტანა, – ამის შესახებ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაშია ნათქვამი.

სტრასბურგის სასამართლომ კონვენციების აღნიშნული მუხლების დარღვევაში პასუხისმგებლად რუსეთის ფედერაცია სცნო.

დასკვნაში, ასევე, ნათქვამია, რომ 160 ქართველ სამოქალაქო პირს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის სარდაფში იყო დაპატიმრებული, მათი დაკავების პირობებიც კი არ განუმარტეს.

„უდავოა, რომ საქართველოს 160 მოქალაქე, რომელთაგან დიდ ნაწილი შედარებით ასაკიანები, მესამედს კი ქალები წარმოადგენდნენ, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაპატიმრებულები იყო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის სარდაფში 2008 წლის 10 -დან 27 აგვისტოს პერიოდში. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის დაპატიმრება მოხდა, ძირითადად საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, სასამართლომ დაასკვნა, რომ ისინი რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ ხვდებოდნენ. საქართველოს მოქალაქეების ჩვენებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მათი დაპატიმრების გარემოებებს, ემთხვევა სხვადასხვა წყაროში დაცულ ინფორმაციას, რომელიც ხელისაწვდომი გახდა სტრასბურგის სასამართლოსთვის. დაკავების ცენტრის ხელმძღვანელმა მოწმეთა მოსმენისას აღიარა, რომ სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფი არ იყო განსაზღვრული მსგავსი რაოდენობის პატიმართა განთავსებისთვის. მისი თქმით, ქალები და კაცები ერთ სივრცეში იყვნენ დაპატიმრებულები გარკვეული დროის განმავლობაში, არ იყო საკმარისი საწოლები და ძირითადი ჯანმრთელობისა და ჰიგიენური პირობები. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალების ჩართულობა პირდაპირ დემონსტრირებული არ იყო, ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ მოექცნენ, ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი, ასევე, იყო პასუხისმგებელი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ქმედებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შემთხვევის ადგილზე წარმოდგენილები იყვნენ, რუსული ძალები პრევენციის მიზნით არსებულ ვითარებაში არ ჩარეულან.

სასამართლომ დაადინა, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება მესამე მუხლს, რაც შეეხებოდა 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავების პირობებსა და იმ დამამცირებელ მოქმედებებს, რომლებსაც ისინი ექვემდებარებოდნენ და რამაც მათ უდაო ტანჯვა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა მოუტანა.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ ეს იყო კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა და მასზე პასუხისმგებელი იყო რუსეთის ფედერაცია. მოპასუხე სახელმწიფოს განმარტებით, ქართველი სამოქალაქო პირების დაკავება მოხდა მათივე უსაფრთხოების მიზნით, რომელიც ცხინვალში შეჭრისთვის ქართველებზე შურისძიების მიზნით სამხრეთ ოსეთის ძალების მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობით იყო განპირობებული. ეს განმარტება სასამართლომ არ მიიღო, როგორც დაპატიმრების საფუძველი, უფრო მეტიც დაპატიმრებულებს არ განემარტათ მათი დაპატიმრების მიზეზი.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მეხუთე მუხლს,“- ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით ნაწილში.

მსგავსი თემები