ირანმა და ერაყმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცეს.
ახლო აღმოსავლეთის ორი ქვეყანა ტრამპს გასული წლის იანვარში, „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ყუდსის ძალების გენერლის, ყასეიმ სოლეიმანის და მისი ერაყელი თანამებრძოლის, შიიტური მილიციის მეთაურის, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის მკვლელობაში ადანაშაულებს.
ირანმა ინტერპოლში ე.წ. „წითელი უწყება“ შეავსო, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპის და კიდევ 47 ამერიკელი მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს. ირანის სასამართლო სისტემის პრესსპიკერის, ღოლამჰოსეინ ესმაილის განცხადებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა დანაშაულის ორგანიზატორების დასჯის საკითხს სერიოზულად მიჰყვება.
აშშ-ის პრეზიდენტის დაკავებას ითხოვს ბაღდადის საგამოძიებო სასამართლოც, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის საქმეს იძიებს. ირანელი და ერაყელი სამხედრო მაღალჩინოსნები 2020 წლის 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან მოკლეს.