ქართველმა პოლიტიკოსებმა აშშ-ში განვითარებული მოვლენები შეაფასეს, ზოგიერთმა მათგანმა დონალდ ტრამპის მომხრეების ქმედებებში რუსეთის კვალი დაინახა.
“ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი იმედოვნებს, რომ აშშ-სთვის ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება.
“ის, რაც გააკეთა პუტინთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფმა პრეზიდენტმა, არ უკადრებია ამ ქვეყნის არცერთი სახელმწიფოს მეთაურს საუკუნეების განმავლობაში. იმედია აშშ-სთვის ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი ოლიგარქიის გარეშე. ოლიგარქი პოლიტიკაში ეს არის გალიიდან გამოშვებული მხეცი,”- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ამომრჩევლებს მეტი ყურადღება მართებთ, რომ ოდიოზური ფიგურები არ იყვნენ მთავრობაში.
“ძალადობა მიუღებელია, დემოკრატიული ინსტიტუციები უნდა ვაშენოთ, ამომრჩევლებმა მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ, რომ არ ამოვირჩიოთ ოდიოზური ფიგურები, როგორიც ბატონი ტრამპი აღმოჩნდა,” – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი აცხადებს, რომ ეს არ იყო მხოლოდ კონგრესზე თავდასხმა, ეს იყო ამერიკის დემოკრატიაზე თავდასხმა.