კორონავირუსზე ბავშვების ვაქცინა არ იგეგმება. რაც შეეხება ვირუსის ახალ შტამს, ის ბავშვებშიც და მოზრდილებშიც თანაბარი სისწრაფით ვრცელდება. აღნიშნულ თემაზე თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.
„ბავშვების ვაქცინაციას არ ვგეგმავთ და ბავშვებისთვის კორონავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იქნება, რადგანაც, კვლევები, რაც ჩატარდა, ჩატარებულია მხოლოდ მოზრდილებზე. თუ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვაქცინაცია მოზრდილებში შეაჩერებს კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობას, ანალოგიური იმედი ბავშვებში არ გვაქვს“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.
როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ბრიტანული შტამი გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე არსებული კორონავირუსი.
„რაც შეეხება ახალი შტამის მიმდინარეობას, რომ შესაძლებელია ის უფრო მძიმე გახდეს ბავშვებისთვის და შეიცვალოს მისი ძირითადი მახასიათებელი, არ ნიშნავს, რომ მუტირებული შტამი ბავშვებისთვის უფრო საშიში და მძიმე დაავადების გამომწვევია. მსგავსი ფაქტი არსად დაფიქსირებულა. რაც შეეხება უფრო მეტად გადამდებობას, გიდასტურებთ რომ ეს ასეა და უფრო მეტად გადამდებია და ის ეხება როგორ მოზრდილებს, ისე ბავშვებს“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.