როგორ გესახებათ ამ სექტორის მომავალი – გოგი მეშველიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს

„ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მდიდარია სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეულით, რომლის მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის შეთხვევაში, შესაძლებელია, ქვეყნის ეკონომიკამ და ჩვენმა საზოგადოებამ მიიღოს მნიშვნელოვანი სარგებელი“ – აღნიშნული განცხადება გოგი მეშველიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც მთავრობის შემადგენლობის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილევენ.

დეპუტატის თქმით, გასულ წელს მთავრობამ დაამტკიცა მნიშვნელოვანი დოკუმენტი წიაღის სექტორის სტრატეგია.

„შარშან 9 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგია. ეს არის უმნიშვნელოვანესი კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელიც  სექტორის საკმაოდ ღრმა შესწავლას და ანალიზს ეფუძნება,  აღიარებს მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზებს ასევე, განსაზღვრავს  ამ სფეროს განვითარების მთავარ მიმართულებებს. თუმცა, გასაგები მიზეზების,  პანდემიური მოვლენების გამო, ჩვენი შეფასებით, ცოტა შენელდა ამ მიმართულებით მუშაობა,  თუმცა, უდავოა, რომ წიაღის გონივრულ და ეფექტიან მოპოვებას გარემოს დაცვის და აღდგენის, ასევე სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვის შემთხვევაში, შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და სამუშაო ადგილების შექმნაში,“ – განაცხადა მეშველიანმა.  

სიტყვის დასასრულს ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა, გოგი მეშველიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას კონკრეტული კითხვითაც  მიმართა –  „თქვენ, როგორც ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრს,  როგორ გესახებათ ამ სექტორის მომავალი  და თქვენი აზრით რა არის გასაკეთებელი  რათა სრულად, პასუხისმგებლიანად  იქნეს ათვისებული არსებული რესურსები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  როგორ შევძლებთ მივაღწიოთ იმას, რომ ამ პროცესში ადგილობრივი საზოგადოების, თემების კანონიერი ინტერესები იქნეს მაქსიმალურად დაცული?“

მსგავსი თემები