„ბალანსი არ უნდა დაგვერღვეს და ეკონომიკის ინტერესები დაგვავიწყდეს “ – გიორგი გახარია არსებულ შეზღუდვებზე

„შრომითი უფლებების დაცვის პროცესში არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ბალანსი დაგვერღვეს და ეკონომიკის ინტერესები დაგვავიწყდეს, სხვაგვარად უბრალოდ ჩიხში შევალთ“ – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბინიდან გააკეთა.

„ყოველთვის, როცა რაღაც კარგ საქმეს ვაკეთებთ, უნდა ვეცადოთ, ეს ისე გავაკეთოთ, რომ სხვა რაღაც არ გავაფუჭოთ; რა თქმა უნდა, შრომითი უფლებების ნაწილში ქვეყანამ სერიოზულ პროგრესს მიაღწია საკანონმდებლო დონეზეც“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია დღეს, გარდა იმისა, რომ აშკარად პროგრესირებს, მან პანდემიასთან ბრძოლის ნაწილშიც ერთ-ერთი წამყვანი როლი და ფუნქცია შეასრულა.

„როცა კითხულობთ, რაიმე საფრთხე ხომ არ არსებობს, რეალურად არსებობს ერთადერთი შინაარსობრივი საფრთხე, რომ ბალანსი დაგვერღვეს. შრომითი უფლებების დაცვის პროცესში არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ბალანსი დაგვერღვეს და ეკონომიკის ინტერესები დაგვავიწყდეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი, ეკონომიკურად განვითარებულ, მდიდარ ქვეყნებში ერთია და საქართველოში ოდნავ სხვაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შრომითი უფლებები სისტემურად, ინსტიტუციურად არ უნდა დავიცვათ. რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ, ამიტომ მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილებები და ამიტომ ჩამოყალიბდა სტრუქტურულად შრომის ინსპექცია. თუმცა, როდესაც ვიცავთ და აუცილებლად დავიცავთ ჩვენი დასაქმებულების შრომითი პირობების და უფლებების მდგომარეობას, უნდა გვახსოვდეს დამსაქმებლის ინტერესებიც. სხვანაირად უბრალოდ შევალთ ჩიხში და შრომითი უფლებების ნაწილშიც პრობლემები გაგვიჩნდება. ეს ბალანსი უაღრესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები