ფერმერებს სიცოცხლის უსაფრთხოებაზე მეტად, ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ – ხათუნა ახალაია

  •  

ეკოტოქსიკოლოგი, გაეროს ექსპერტი ხათუნა ახალაია​ საჭიროდ მიიჩნევს, ​სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  განახორციელოს ფერმერების რეგისტრაცია, რომლებიც მოიწამლნენ პესტიციდების მოხმარებით და მათ ჩაუტარდეთ სწორი მკურნალობა. მძიმე დაავადებებს, რომლებიც ქვემო ქართლის მოსახლეობაში ვლინდება, ძირითადად პესტიციდების უკონტროლოდ და უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე გამოიყენება იწვევს. ასევე, საჭიროა, პესტიციდების შემომტან კომპანიებს დაევალოთ, შემოტანილი ქიმიური ნივთიერების შესატყვისი დამცავი სამოსის შემოტანაც.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ხათუნა ახალაიამ დღეს განაცხადა,  გამოკითხული ფერმერების უმეტესობას უსაფრთხოების წესების დაცვაზე მეტად ეკონომიკური და სოციალური პრობლემები აწუხებთ, რომ მოჰყავთ პროდუქცია და ვერ ასაღებენ.

“მათ სოციალური პრობლემები უფრო აწუხებთ და არ დაეძებენ, დაიცავენ თუ არა თავს. მამაკაცებთან შედარებით, ქალები უფრო ხშირად იცავენ თავს და ამბობენ, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების დროს ან თავშალს იხვევენ თავზე, ან სათვალეს იკეთებენ. ხშირია შემთხვევა, როდესაც პესიტიციდებით დაბინძურებულ სამოსს ქალი შიშველი ხელით რეცხავს, ​მამაკაცთა უმრავლესობა ჭამს, ან სიგარეტს ეწევა პესტიციდების გამოყენებისას. ასევე, ხშირად ადამიანი თვითონ არ იყენებს ქიმიურ ნივთიერებებს, მაგრამ ამ პროცესს თვალს ადევნებს”, – აცხადებს ხათუნა ახალაია.

​მისივე ინფორმაციით, ინდიკატორული კვლევა 2014-2016 წლებში ჩატარდა ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ მსგავსი პრობლემა არსებობს ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, ვითარება ჯერჯერობით არ გამოსწორებულა.

“ჯერჯერობით არ მაქვს ინფორმაცია, ჩამოყალიბდა თუ არა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის რაიმე სქემა. მოწამვლის შემთხვევები რეგისტრირდება, ან ჯეროვნად თუ იკვლევენ და  სხვა. ​დამცავი საშუალებების შემოტანა ბაზარზე, როდესაც ვინმეს ავალდებულებ დაცვის ინდივიდუალური საშუალებები შემოიტანოს, მისი მყიდველი უნდა იყოს, ეს არის ბიზნესი. არის სპეცსამოსის ​და დამცავი საშუალებების რამდენიმე მაღაზია, მაგრამ მას მყიდველი არ ჰყავს, იმიტომ, რომ საკმაოდ ძვირი ღირს.  ქიმიური ნივთირებებების შემომტან კომპანიებს უნდა ჰქონდეთ ვალდებულება, რომ შეიძინოს დაცვის ინდივიდუალური საშუალებები, რაც შეესაბამება ამ კონკრეტულ ქიმიურ ნივთიერებას”, – აცხადებს ხათუნა ახალაია.

მისივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში უკვე დაიწყო ფერმერების რეგისტრაცია, რაც ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და იმედოვნებს, რომ რეგისტრირებულ ფერმერს მოსთხოვენ, როგორ პრეპარატების სწორად შენახვას, ასევე მათი გამოყენების წესებზე ტრენინგებს ჩაუტარებენ.

 

მსგავსი თემები