“მე ერთი ქვა ვარ, შატილის კოშკის” – შატილობა შატილში

ხვალ, პირველ სექტემბერს შატილში  სახალხო დღესასწაულს –  „შატილობას“ აღნიშნავენ.  “მე ერთი ქვა ვარ, შატილის კოშკის” – ასეთია  ღონისძიების სლოგანი, რომელის დუშეთის მუნიციპალიტეტში გაიმართება.

როგორც თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, დღესასწაულს სოფელი შატილი,  სოფელი მუცო და ჩასული სტუმრები   რეაბილიტირებული მუცოს კომპლექსითა და აღდგენილი შატილის კოშკით ხვდებიან, რომლის სამუშაოები დასკვნით ფაზაშია შესული.

„სახალხო დღესასწაულის მიზანია პირიქითა ხევსურეთის ჩართულობის გაზრდა საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში, რაც დაკავშირებულია ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებასთან და საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესებასთან საქართველოს დანარჩენ ნაწილთან“ – აცხადებს ქუცნაშვილი.

შატილობის დღესასწაულზე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. მათ შორის:  ლუდის კოდის დალოცვა (რიტუალის შესრულება );  დოღი;  ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება და  ცეცხლოვანი შოუ შატილის კოშკებზე.

ღონისძიებას, დღის ბოლოს,  ახალგაზრდა ხევსური პოეტების მონაწილეობით,  ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი დაასრულებს.  ასევე,  გაიმართება გალა-კონცერტი. შატილში პრემიერ მინისტრსა და სხვა ოფიციალურ პირებს ელოდებიან.

მსგავსი თემები