თბილისში, მელიტონ ქანთარიას სახელობის ქუჩა დაარსდა 

  •  

თბილისის ვაკის რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე, ავთო ვარაზის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას სახელი, ქვეყნის წინაშე მისი დამსახურების უკვდავსაყოფად მიენიჭა.

​დედაქალაქში
მელიტონ ქანთარიას სახელობის ქუჩის დაარსების თხოვნით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ 2018 წლის 10 ივლისს მიმართა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში განუცხადეს, სტანდარტული ზომის ქუჩაზე ახალი განაშენიანება მიმდინარეობს, თუმცა, არის რამდენიმე ძველი შენობაც.

მათივე ინფორმაციით, 2016 წელს, მელიტონ ქანთარიას სახელი იური გაგარინის II შესახვევს მიენიჭა. თუმცა, საკითხის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ აღნიშნული დადგენილება ამ დრომდე არ არის აღსრულებული, რადგან სახელი მიენიჭა გეოგრაფიულ ობიექტს, რომელიც 1999 წლის 12 ნოემბრიდან აღარ არსებობდა და ფაქტობრივი გარემოებები არ იძლეოდა აქტის შესრულების შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან,  ძველი განკარგულება გაუქმდა.  ​
აღსანიშნავია, რომ მელიტონ ქანთარიას ბიუსტი, სადაც ის ახალგაზრდა ასაკშია გამოსახული, თბილისში 2 წლის წინ, ვ​ეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში დადგეს. დედაქალაქის მერიას შესაბამისი თხოვნით მაშინ, საბჭოთა გმირის ძმის შვილიშვილმა, სამართალწარმოების დოქტორმა, შსს-ს აკადემიის პროფესორმა ბექა ქანთარიამ მიმართა.

ოფიციალური ვერსიით, 25 წლის უმცროსმა სერჟანტმა მელიტონ ქანთარიამ, რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა 1945 წლის პირველ მაისს, სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად აღმართა. ომის დასრულების შემდეგ იგი, ოჩამჩირეს რაიონში ცხოვრობდა. 1993 წლის 27 დეკემბერს მოსკოვში გარდაიცვალა, სადაც, რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა.

მსგავსი თემები