“კლასტერები გავრცელდა ქვეყანაში – ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით” – მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე საზოგადოებას მოუწოდებს, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქუჩაშიც ატარონ პირბადე.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აუცილებელია, რომ არსებული რეგულაციები სრულყოფილად იყოს დაცული.

„კლასტერები გავრცელდა ქვეყნაში, ამისთვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, უკვე აღარ არის ის ეტაპი, როცა მხოლოდ სოციუმებში იყო პირბადის ტარება აუცილებელი, ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით იმიტომ, რომ შეიძლება ახლო კონტაქტი მოგვიწიოს. ამიტომ, ძალიან სერიოზულად არის რეგულაციების დაცვა აუცილებელი“,-განაცხადა ენდელაძემ.

მისი შეფასებით, ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორი ინფიცირების ახალ შემთხვევებს უმკლავდება.

„ჯერჯერობით არის რესურსი და ალბათ, მომავალშიც იქნება, რომ ინფექციას გავუმკლავდეთ. ძალიან სერიოზული კოორდინირებული მუშაობაა სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. ამ პროცესში ეპიდემიოლოგები და მედიკოსებიც ჩართული არიან“,- განაცხადა ენდელაძემ.

მსგავსი თემები