„ამ რუკის გამოყენებაზე შეგნებულად ვთქვით უარი“ – ივერი მელაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

მოქმედი ჩინოვნიკი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი ივერი მელაშვილი ბრალის წაყენებას წინასწარი დაკავების იზოლატორში დღეს ელოდება. როგორც დაკავებულმა დაკავებამდე „მედიაცენტრ მთავართან“ განმარტა, რუკა, რომელმაც ყველაფერი ამოაყირავა, ახალი აღმოჩენა არ ყოფილა. ის ასევე საუბრობს, რატომ თქვა კომისიამ მის გამოყენებაზე უარი.   

„რაკი დაიწყო ძიება, მეც და კომისიის სხვა წევრები დაინტერესებულები ვართ, დროზე დაესვას ამას წერტილი. ჩემთან, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, რუკას არ ეძებდნენ. ეძებდნენ ყველანაირ მასალას, რაც კი ამ საქმესთან იყო დაკავშირებული. არაფერი დასამალი არ არის და არც ყოფილა კომისიის მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე. ეს რუკები, 1:200 000-იანი მასშტაბის რუკებზეა საუბარი, ჩვენთვის აღმოჩენა არ ყოფილა. შეიძლება, ვიღაცისთვის იყო აღმოჩენა. ეს რუკები თავის დროზე აღმოჩენილ იქნა იმ მესაზღვრეების მიერ, რომლებიც კომისიაში ჩვენთან ერთად მუშაობდნენ“ – განმარტავს დაკავებული „მედიაცენტრ მთავართან“.   

მისივე ინფორმაციით, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღმოჩენილი რუკა ფასეული არ იყო და პირიქით, ის უვარგისი იყო.

„ბევრს დავდიოდით, ბევრს ვეძებდით, რომ რამე მოგვეძიებინა. ეს რუკის რამდენიმე ფურცელიც ამ მოძიების შედეგია. საუბარია 1936-1937 წლების გამოცემის რუკაზე, რომელიც  საქართველოს ტერიტორიისთვის იყო გამოცემული.  მაშინ გვეგონა, რომ რაღაც აღმოვაჩინეთ, მაგრამ ანალიზის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთდაიგივე სიმაღლე, მონაკვეთი, ხიდი, მდინარე, ხევი ხრამი თუ სხვა მონაკვეთი ამ რუკაზე და სხვა რუკებზე რადიკალურად იყო განსხვავებული, ცდომილება 300 მეტრიც კი იყო.

როცა ამ რუკას ანალიზი ჩაუტარდა,  გვერდზე გადაიდო. მიზეზი ის იყო, რომ ის უვარგისი აღმოჩნდა და მეორე მხარესთან არგუმენტად ვერ გამოდგებდა, არ გამოდგებოდა შენი პოზიციის გასაძლიერებლად, პირიქით იქნებოდა. ამიტომ, მაშინ შეგნებულად ვთქვით ამ რუკის გამოყენებაზე უარი. ეს იყო უვარგისი რუკა და დასაყრდენად ვერ გამოდგებოდა“ – განუცხადა ივერი მელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს.

კითხვაზე, რითი ხელმძღვანელობდნენ როცა საზღვრის დელიმიტაცია-დემაკრაციაზე მუშაობდნენ, მელაშვილმა გვიპასუხა: „ვხელმძღვანელობდით 1938 წელს დამტკიცებული და ხელმოწერილი რუკით და 1942-1943 წლების 1:100 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკებით“.

მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები