პროკურატურამ, დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით  საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი  ივერი მელაშვილი  და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. საუბარია საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე, რომელიც დავით გარეჯის მონაკვეთს ეხება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში სპეციალური განცხადება გაკეთდა.   

„ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.  დადგინდა, რომ 1:500 000 მასშტაბში მომზადებული ამონახაზი, რომლითაც ბრალდებულების განმარტებით ხელმძღვანელობდნენ საზღვრების დელიმიტაციისას და ეს იყო მათი ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი, როგორც კარტოგრაფიული პროდუქტი, ვერ გამოდგება შესასრულებელი კარტოგრაფიული სამუშაოს საფუძვლად, რადგან ასეთი ამონახაზები არ მოიცავს სრულფასოვან ტოპოგრაფიულ ინფორმაციას, მასზე არ არის დატანილი ადგილმდებარეობის გეოგრაფიული ობიექტები და ტოპოგრაფიული ელემენტები (მწვერვალები, მყარი წერტილები, სიმაღლითი ნიშნულები, გზათა გადაკვეთები, დასახლებული პუნქტები, და სხვა). ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, უწყების ინფორმაციით, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა“ – აცხადებენ პროკურატურაში.

დაკავებულებს, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ივერი მელაშვილმა დაკავებამდე პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართა, სადაც დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავად იყო დაინტერესებული რეალობის დასადგენად.  

მსგავსი თემები