„15 წლის ბავშვმა „მორფი“ იყიდა, გაიკეთა და სახურავიდან გადმოვარდა?! – ეს სისულელეა“ – გარდაცვლილის ძმა

არასრულწლოვან ლუკა სირაძის ოჯახი გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატების ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს რომ ისინი გარდაცვლილის და მის ოჯახის სახელის შელახვას ცდილობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„არის ორი ექსპერტიზის დასკვნა. ერთი სისხლის ნიმუში არის აღებული ასფალტიდან, სადაც ლუკა დავარდა, ხოლო მეორე სისხლის ნიმუში არის წამოღებული საავადმყოფოდან. პირველ სისხლის ნიმუშში არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჩანს, ხოლო მეორე სისხლის ნიმუშია არის მორფინი და სამედიცინო დანიშნულებისთვის გამოყენებადი ნივთიერებები, ტკივილგამაყუჩებლები, რაზეც ისინი ამტკიცებენ, რომ ლუკას მორფი გადმოვარდნამდე ჰქონდა გაკეთებული. ჩემი აზრით, ეს არის სისულელე და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ლუკას სახელი შეარცხვინონ ხალხში“ – განაცხადა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, ისინი ამ თემაზე განცხადებებს საერთოდ არც უნდა აკეთებდნენ, რადგან მარიანა ჩოლოიანის ბრალდებასთან კავშირი არ აქვს.  

„მარიანა ჩოლოიანს ბრალი წარდგენილი აქვს ჩვენების იძულებით ჩამორთმევაზე და განყოფილების გარეთ მომხდარ პროცესებზე ისინი ჩემი აზრით, კომენტარს არ უნდა აკეთებდნენ. ბრალი წაყენებული რომ ჰქონდეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, მაშინ კიდევ შესაძლო იქნებოდა ამაზე საუბარი. შეუძლებელია, ჩემი აზრით, 15 წლის ბავშვი წამოვიდეს, მორფი იყიდოს, სახურავზე ავიდეს, მორფი გაიკეთოს და ისე გადმოვარდეს, ცოტა აზრთან მიახლოებულ რამეზე რომ ვსაუბრობდეთ კიდევ ხო, მაგრამ მორფზე საუბარი სისულელეა, არც უნდა განიხილებოდეს“, – განაცხადა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ დაკავებული მარიანა ჩოლოიანის ადვოკატებმა გუშინ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს და აღნიშნეს, რომ ლუკა სირაძე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო და მარიანა ჩოლოიანს მასზე ზეწოლა არ განუხორციელებია.

მსგავსი თემები