“წინა ხელისუფლებამ 9 წელიწადში 68 კმ ავტომაგისტრალი დააგო, ჩვენ კი 2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ჯამურად, 200 კილომეტრს ვაკეთებთ” – ბიძინა ივანიშვილი

“„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ასეულობით მილიონი ლარი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდა, რამაც ჯამში 3 300 კილომეტრზე მეტი შეადგინა”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა.

პარტიის ლიდერმა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების თავმოწონებისა და ტრაბახის ერთ-ერთი მთავარი საგანი ინფრასტრუქტურის, გზებისა და მაგისტრალების მშენებლობა იყო, თუმცა რეალური სურათის დასანახად უკეთესი იქნება სტატისტიკურ მაჩვენებლებს თუ დავეყრდნობით.

„საუკეთესო შედეგები გვაქვს ჩვენი მოსახლეობის წყალმომარაგებისა თუ ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის მიმართულებით. 2021 წელს, ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, რაც ევროპის მასშტაბითაც კი, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

ზოგადად, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ჩვენ მიერ 8 წლის მანძილზე გაწეული ხარჯი, 6 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს და ორჯერ აღემატება წინა ხელისუფლების ცხრაწლიან პერიოდში გაწეულ ხარჯს.

წინა ხელისუფლებამ, 9 წლის განმავლობაში, სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი დააგო. ჩვენ კი, მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე, 70 კილომეტრამდე ჩქაროსნულ მაგისტრალურ გზას გავხსნით. შედეგად, 2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ჯამურად, 200 კილომეტრს, ანუ ორმაგი ბიუჯეტით თითქმის სამჯერ მეტს ვაკეთებთ.

კარგად დაუკვირდით ამ რიცხვებს – საქმე მხოლოდ ინვესტიციის მასშტაბებში და დაგებული გზების რაოდენობაში როდია. პროგრესი აქ იმდენად თვალსაჩინოა, რომ ზედმეტ კომენტარს არც საჭიროებს, მაგრამ ელემენტარული არითმეტიკა იმასაც ხომ ცხადყოფს, რომ როცა ბიუჯეტის ნახევრით, მხოლოდ იმის მესამედ საქმეს აკეთებ, რაც შესაძლებელი ყოფილა, დანარჩენი ფული უბრალოდ მოპარულია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები