“2012 წლიდან დღემდე, მართლმსაჯულების სისტემაში ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა” – ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის თქმით, 2012 წლიდან დღემდე, მართლმსაჯულების სისტემაში ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა და დავიწყებას მიეცა 99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენების ყოვლად სამარცხვინო პრაქტიკა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თითქმის განახევრდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი; 160 %-ით გაიზარდა არასაპატიმრო სასჯელის – ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი; 70 %-ით შემცირდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვი; 35-ჯერ გაიზარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სასჯელის ზომად გამოყენების მაჩვენებელი; 25 ათასით შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც საერთო სასამართლოების მიერ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა; სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; 200-ჯერ გაიზარდა პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი; 8-ჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა.

„ეს მშრალი სტატისტიკაა, მხოლოდ ციფრები და არა სუბიექტური ხედვა ან შეფასება. ახლა ვნახოთ, დარჩა თუ არა შეუმჩნეველი ქართული სასამართლო სისტემის ასეთი საგრძნობი ტრანსფორმაცია, უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს?

შედეგები, ამ მხრივ, მართლაც შთამბეჭდავია, კერძოდ: ზედიზედ მეორე წელია, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციისა და ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის – „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემა, ეფექტიანობით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიციაზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, პირველ ადგილს იკავებს.

იმავდროულად, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სასამართლო პროცესების ხარისხის და სასამართლოს მიუკერძოებლობის პარამეტრებით, საქართველოს სასამართლო სისტემა უსწრებს ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის“ მიხედვით, საქართველო, საზოგადოების დაცულობის მაჩვენებლით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 ადგილზეა, ხოლო ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში 25-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი, მე-14 პოზიციას იკავებს, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, 2012 წელს, ამ პარამეტრში 75-ე ადგილით, მსოფლიოს ყველაზე მაფიოზური ქვეყნების ჯგუფს მივეკუთვნებოდით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საქართველო ე.წ. „შავ სიაში“ ჰყავდათ შეყვანილი და მხოლოდ 2013 წლიდან დაიწყო საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ აღიარების პროცესი, სადაც დაცულია ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, სადაც პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეები არ იდევნებიან.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ამ სახელმწიფოთა 90 პროცენტი საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ აღიარებს.

„ეს არის რეალობა, რომელსაც, როგორც დარწმუნდით, ჩვენთან ერთად საერთაშორისო მონიტორებიც ერთხმად აღიარებენ. ერთადერთი ძალა, რომელიც ამ სიმართლეს გაურბის, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდაა, რომელიც ჯიუტად არ იმჩნევს ესოდენ თვალსაჩინო პროგრესს, რადგან ქვეყნის წარმატებას, საკუთარ უბედურებად მიიჩნევს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები