“ბიძინა ივანიშვილთან ერთად stopcov ფონდში ფინანსების მობილიზება შევძელით” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ახლა სოციალური პროგრამების განხორციელება შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლებამ არაგონივრული დაპირებები არ გასცა და მეორე მხრივ, stopcov ფონდში თანხის მობილიზება მოხერხდა.

„ამ პროგრამების განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ ორი მიზეზის გამო: პირველი – იმიტომ, რომ ჩვენ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მოწოდებების ზეწოლის ქვეშ, პირველივე დღეებში, არაგონივრული დაპირებები და არაგონივრული კომპენსაციები არ გავეცით და მეორე – საქართველოს მოქალაქეებთან და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად stopcov ფონდში ფინანსების მობილიზება შევძელით. ამან მოგვცა შესაძლებლობა, წლის ბოლომდე ასეთი სოციალური დახმარება გაგვეწია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელი დინამიკის გათვალისწინებით, ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინაშე შემდეგ წელსაც დადგება და ამისთვის ყველა მზად უნდა იყოს.

გახარიას განცხადებით, ამ სოციალური დახმარების ბიუჯეტი 410 მილიონ ლარს შეადგენს. პრემიერის განმარტებით, stopcov ფონდში მობილიზებულია 130 მილიონი ლარი, რომელიც ასევე ბიუჯეტის ნაწილია.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით 17 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქე ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. ასევე, ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება 150 ათასამდე სოციალური ქულის მქონე და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს.

მსგავსი თემები