“ჩვენ ამას აღვიქვამთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის პრინციპების უხეშ ხელყოფად” – ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებებზე

პრემიერის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის მიერ ზაზა გახელაძის და საქართველოს მტავრობის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. აბაშიზე აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი პრაღაში განიხილება.

“ის რაც ხდება ადგილზე, ეს არის არა მარტო საერთაშორისო ნომრების, არამედ ელემენტარული, ადამიანური ნორმების დარღვევა. ჩვენ ამას აღვიქვამთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის პრინციპების უხეშ ხელყოფად, როგორც საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფას. ქართულ-რუსული ურთიერთობები ჩიხშია მოქცეული. 2008 წლის ომის ყველაზე მძიმე შედეგი აღმოჩნდა მისი სამართლებრივი შედეგები. გვაქვს კომუნიკაცია, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს საშუალებას, ჩვენ შევხვდებით პრაღაში და განვიხილავთ ყველა საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებული, ასეთ საკითხებს ყოველთვის განვიხილავთ,” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს:

“მოგეხსენებათ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სხვა პარტნიორებმა გააკეთეს მხარდამჭერი განცხადებები, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით, ასევე ბატონი დავით ზალკალიანია ბრიუსელში ვიზიტისას პარტნიორმა ქვეყნებმა გამოხატეს თავისი მტკიცე მხარდაჭერა, ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნული საკითხების განხილვას საერთაშორისო ფორუმებზე, დღეს იქნება ეუთოს მუდმივ საბჭოზე დაკავებების განხილვა,” – აღნიშნა ლაშა დარსალიამ. 

რუსეთი საქართველოს პროვოკაციაში ადანაშაულებს. ოფიციალური მოსკოვი საქართველოს მოქალაქეების მიერ ე. წ. გამყოფი ხაზის გადაკვეთის ფაქტებზე წერს და თბილისს პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს. რუსული მხარე საქართველოსადამი მხარდამჭერი განცხადებების გამო აკრიტიკებს შეერთებულ შტატებსაც. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისა და ოფიციალურ მოსკოვთან, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან არსებული დიალოგის ფორმატების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი თემები