პარლამენტში დღეს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ. როგორც ბიუროს სხდომაზე განაცხადეს, ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება. პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

მიმდინარე კვირაში პარლამენტს დღის წესრიგში ჯამში 262 განსახილველი საკითხი აქვს.

„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს განაგრძობენ და თავდაცვის მინისტრის წლიურ ანგარიშს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან.

„დაიწყო ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვები, ორშაბათს, ბიუჯეტი იქნება წარმოდგენილი ჩვენი ფრაქციის სხდომაზე, სადაც ჩვენ ასევე ვაჩვენებთ საზოგადოებას, რეალურად, რა უნდა გაკეთებულიყო პანდემიის პერიოდში და როგორ უნდა გამოსულიყო ქვეყანა კრიზისიდან.

ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას ანტიკრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ბოიკოტის რეჟიმში და არ დავესწრებით ღარიბაშვილის მოსვლას პარლამენტში, მან გააკეთა ანტიკონსტიტუციური განცხადება, რომ პარლამენტში მოსვლისას ის არ უპასუხებს ოპოზიციის კითხვებს, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც კონსტიტუციის დარღვევა, ვინაიდან ე.წ ინტერპელაცია კონსტიტუციურად უზრუნველყოფილი საკანონმდებლო ნორმაა“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს კი ირაკლი ღარიბაშვილთან ძირითადი კითხვები სამინისტროს მომავალ გეგმებთან დაკავშირებით აქვთ.

მსგავსი თემები