ანდრეი ერმაკმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები წარადგინეს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა და ნატოს ყოფილმა  გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს კიევში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები წარადგინეს.

რეკომენდაციები ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებითაა შედგენილი და  კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულების შექმნის შესახებ მოწოდებებს შეიცავს.

რეკომენდაციების მიხედვით, მოკავშირეთა ძირითადი ჯგუფი, სავარაუდოდ, მიიღებს მკაფიო ვალდებულებებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, ხოლო უფრო ფართო ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს არასამხედრო გარანტიები, რომლებიც აგებულია სანქციების მექანიზმებზე.

„უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული; ისინი ასახავენ უკრაინასთან ერთად გარანტორთა ჯგუფის მიერ აღებულ ვალდებულებებს. მათი შესრულება უნდა იყოს, იურიდიულად და პოლიტიკურად სავალდებულო, ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, მაგრამ გაერთიანებული ერთობლივი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტში, სახელწოდებით, „კიევის უსაფრთხოების შეთანხმება“. გარანტიების პაკეტი მოიცავს სამხედრო, ფინანსური, ინფრასტრუქტურული, ტექნიკური და საინფორმაციო ხასიათის პრევენციულ ზომებს ახალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად, ასევე ზომებს, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ახალი ხელყოფის შემთხვევაში. გარდა ამისა, „კიევის უსაფრთხოების შეთანხმების“ სტრუქტურა მოიცავს სრულფასოვან სანქციების პაკეტს აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ასევე შეიძლება შეიცავდეს დამატებით კომპონენტებს, როგორიცაა შეთანხმებები უკრაინის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის/რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით უზრუნველყოფის შესახებ, რეგიონალურ შეთანხმებებს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების შესახებ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, აღნიშნული რეკომენდაციების მიღება მძლავრ სიგნალს გაუგზავნის ვლადიმერ პუტინს.

„უკრაინელები ფრონტის ხაზზე აჩვენებენ, რომ საჭირო რესურსებით შეუძლიათ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე. უკრაინელები ავლენენ ბრძოლის ნებას და დემოკრატიულმა სამყარომ უნდა გააგრძელოს მათთვის ამისთვის საჭირო საშუალებების მიწოდება. როდესაც ეს ომი დასრულდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ვეღარასოდეს შეძლებს უკრაინაში შეჭრას. ამის საუკეთესო გზაა უკრაინას ჰქონდეს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ნებისმიერ მომავალ თავდასხმას.

ამ რეკომენდაციების მიღება მძლავრ სიგნალს გაუგზავნის ვლადიმერ პუტინს. ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შეირყევა, რომ მისი ომი უშედეგოა. ეს ასევე გაუგზავნის სიგნალს უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს უკრაინის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ამის სწორად მიღება ნიშნავს ევროპული უსაფრთხოების ახალი ქვაკუთხედის დაგებას. თუ ეს არ გაკეთდა, ეს ევროპულ ნიადაგზე კრიზისის გამწვავებას ნიშნავს“, – განაცხადა რასმუსენმა.

მსგავსი თემები