“საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს -4.8%-ით შემცირდება” – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2020 წლის ივნისის გამოცემის თანახმად, ეკონომიკური ზრდა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე წლის ბოლოსთვის -3.1 პროცენტამდე დაიკლებს, რადგან რეგიონი COVID-19-ის პანდემიის გამო ზრდის შემაკავებელი პროცესების და შესაბამისად, დაბალი სასაქონლო ფასებით გამოწვეული სირთულეების წინაშე დგას.

თუმცა, პროგნოზის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 3 პროცენტს მიაღწევს 2021 წელს, რადგან COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შოკების გავლენა შესუსტდება და ტურიზმის აღდგენა დაიწყება სომხეთსა და საქართველოში, მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობის ზრდის პარალელურად.

ეკონომიკური საქმიანობა აზერბაიჯანში 2021 წელს განმტკიცდება ნავთობზე ფასების სტაბილიზაციასთან ერთად, თუმცა საერთო აღდგენა შესუსტდება დარჩენილი სტრუქტურული მოუქნელობით.

ტურისტების მთლიანი რაოდენობა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში დაეცა, მაგრამ აღნიშნულის გავლენა შეიძლება იგრძნობოდეს ყველაზე მეტად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც ტურიზმზე მშპ-ის მნიშვნელოვანი წილი მოდის.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში მშპ-ის რეალური შემცირება 2020 წელს სავარაუდოდ -4,8 პროცენტი იქნება, ხოლო 2021 წლისთვის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.0 პროცენტს მიაღწევს. ანგარიში ასევე მიუთითებს საქართველოს მიერ დაანონსებულ ფისკალურ ღონისძიებებს, რაც მშპ-ის 3 პროცენტის ეკვივალენტური იქნება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც მოიცავს დამატებით ხარჯებს ჯანდაცვაზე, ტურიზმის სფეროს მხარდაჭერას, დღგ-ის დაბრუნების დაჩქარებასა და ზრდას, მორატორიუმს დაბალი შემოსავლის მქონე პირთა გადასახადებზე, ღარიბი მოსახლეობისთვის კომერციული ხარჯების სუბსიდირებას და უმუშევრობის შემწეობას.

მსგავსი თემები