აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის საკითხზე პრეზიდენტი მთავრობასთან წინასწარ კონსულტაციებს არ გაივლის

​აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტს ცენტრალურ მთავრობასთან კონსულტაციები არ სჭირდება. მთავრობასთან წინასწარი შეთანხმება, რაც აქამდე იყო საჭირო, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

კანონმდებლობა ითვალისწინებს კონსულტაციებს, რაც იმას გულისხმობს, რომ უნდა გაიმართოს კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან.

​აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თანამდებობა გუშინ 4 ივლისს დატოვა. მის შემცვლელად  საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ცოტნე ანანიძე, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე განიხილებიან. პირველ ეტაპზე, შესაძლოა, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობა ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ შეასრულოს.

თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ზურაბ პატარაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს.
​მისივე თქმით, ის “ქართული ოცნების” გუნდის წევრად რჩება და მმართველი პარტიის რიგების დატოვებას არ გეგმავს.

როგორც ​მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე განმარტავს, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტი კონსულტაციებს გაივლის აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ის აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს თავმჯდომარის კანდიდატურას შესაბამის მინისტრებთან ერთად.

მსგავსი თემები