“თუ გვინდა, ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარების გზას დაადგეს, პოლიტიკური ელიტა უნდა შეიცვალოს” – გია ჟორჟოლიანი

“თუ გვინდა, ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარების გზას დაადგეს, ეს პროტესტის ხელისუფლება, პოლიტიკური ელიტა უნდა შეიცვალოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა და მან უნდა დათმოს ხელისუფლება.

„ბოლო ხანს დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან „ქართული ოცნების“ კრიტიკა და მოწოდებები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესოს ვითარება, ფუჭია. რატომ? ქართველი ხალხი ამ განცხადებების გარეშეც ხვდება არსებული ვითარების სიმწვავეს და გრძნობს პოლიტიკური ელიტის უუნარობას, გამოასწოროს ვითარება. 2012 წელს საქართველოს ისტორიაში მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა – დამარცხდა რეპრესიული და ავტორიტარული „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. ამ მოვლენაში „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, მაგრამ ამით „ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა. „ოცნება“ არ იყო მოწოდებული და ვერ მოახერხა, წაეყვანა ქვეყანა განვითარების გზით, ეს იყო საპროტესტო მოძრაობა და საპროტესტო მოძრაობადვე დარჩა. დღეს, ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის რვა წლის შემდეგაც, ამ პარტიის ლეგიტიმაცია ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პროტესტზე დგას. მხილება, კინკლაობა და დაპირისპირება, სამწუხაროდ ეს არის დღევანდელი პოლიტიკის შინაარსი.

თუ გვინდა, ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარების გზას დაადგეს, ეს პროტესტის ხელისუფლება, პოლიტიკური ელიტა უნდა შეიცვალოს. პარტია „ქართული ოცნება“ თავის თავს ვეღარ შეცვლის, ამის რესურსი მას არ გააჩნია, ამიტომ ჩვენ, „სოციალ-დემოკრატები“ მივიჩნევთ, რომ „ოცნების“ მისიაა, დღეს არ ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას და არ შეუშალოს ხელი ახალ, კონსტრუქციულ, ჯანსაღ საზოგადოებრივ ინიციატივებს ძალებს და ჯგუფებს, რომელთაც ძალუძთ, შეცვალონ 30-წლიანი მანკიერი წესრიგი, რომელიც აზარალებს ხელისუფლებას“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მსგავსი თემები