ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ირანმა გამჭვირვალე გამოძიება უნდა ჩაატაროს.
„ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, რომ არ დავუჯეროთ ნატო-ს რამდენიმე მოკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თვითმფრინავი შესაძლოა, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ზუსტად ამიტომ, ჩვენ გვჭირდება საფუძვლიანი გამოძიება, რომ დადგინდეს ყველა ფაქტი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ირანული მხრისგან უნდა გვქონდეს სრული თანამშრომლობა გამოძიებაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სამგზავრო თვითმფრინავი, ბოინგ 737 8 იანვარს თეირანი-კიევის რეისს ახორციელებდა. ის აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე სულ 176 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.