საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომა მთის კურორტებზე შექმნილ პრობლემებზე საუბარით დაიწყო და აღნიშნა, რომ ბაკურიანსა და გუდაურში, წყალმომარაგების პრობლემა არ უნდა ყოფილიყო.
„წლის დასაწყისში ზამთრის კურორტებზე გარკვეული გართულებები გვქონდა. მოგეხსენებათ, წყალმომარაგების თვალსაზრისით, როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში, პრობლემები იყო. აქ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზუსტად ვიცით, გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური“ – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, ტურისტების მეტი ყრადღება სჭირდება და მთავობის ძალისხმევაც მოსაფრთხილებელია.
„ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ტურისტების მოსაზიდად ახორციელებს, არის უაღრესად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ, უფრო მეტი პრევენციული მუშაობა გვმართებდა. შესაბამისად, დღეს ზუსტად ვიცით გამომწვევი მიზეზები. გვესმის, რომ პრობლემა არის სისტემური და გვესმის, რომ შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი, რომელიც უკვე გაკეთდა და ჩვენ 2020 წელი უნდა დავუთმოთ იმას, რომ მომავალ წელს მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.