მურად წურწუმიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით ექსპერტმა კიდევ ერთხელ დაათვალიერა

ექსპერტმა, 24 წლის მურად წურწუმიას გვამი, ოჯახის თანდასწრებით კიდევ ერთხელ დაათვალიერა. პროკურორი დავით გუმბერიძე, გარდაცვლილის არც ერთი თვალის დაკარგვას არ ადასტურებს.

“საქმის მასალებშიც ჩანდა, ექიმებსაც ჰქონდა დაწერილი, რომ ორივე თვალბუდე თავის ადგილას იყო და კომატოზური მდგომარეობა თავიდან სწორედ თვალების შემოწმებით დაადგინეს. კითხვის ნიშანს არ დავტოვებთ. დანარჩენი არის აღწერილი ექსპერტიზაზე, დასკვნას მივიღებთ და გაგაცნობთ ყველაფერს,” – განაცხადა პროკურორმა.

ექსპერტიზა მოკლულის ოჯახმა მოითხოვა.

2 იანვარს ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ 24 წლის მურად წურწუმიას სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენა, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინციდენტისას ადგილზე იმყოფებოდა მურად წურწუმიას ძმაც, რომელმაც დაპირისპირებისას დაზიანებები მიიღო. 

ექსპერტიზის საბოლოო შედეგები დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი. ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები