თბილისში 2 ახალი პარკი გაშენდება და 14-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

  •  

თბილისში, უახლოეს მომავალში რამდენიმე ახალი პარკის გაშენება იგეგმება, კერძოდ, საუბარია დიღმის ჭალებზე და ე.წ თემქის ხევზე ახალი სარეკრეაციო სივრცეების მოწყობაზე. მერიის შესაბამისი სამსახურები მანამდე ჩაატარებენ კვლევას, რომლის დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად შეისწავლიან თემქის ხევში მდინარის მონაკვეთის გახსნის შესაძლებლობას.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა,

დიღმის ჭალების ტერიტორია, სადაც ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნა იგეგმება, საინტერესო ადგილია მდინარე მტკვართან სიახლოვის თვალსაზრისით. ხოლო, ე.წ. თემქის ხევი საშუალებას იძლევა თბილისის ზღვასთან საკმაოდ დიდი საპარკე-სარეკრეაციო სივრცე შეიქმნას. აღნიშნული ტერიტორიის სიახლოვეს  დაახლოებით 80 000 მოსახლე ცხოვრობს.

კახა კალაძის შეფასებით, თემქის ხევი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება.

რაც შეეხება გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, დაახლოებით, სამ ჰექტარზე ახალი პარკის მოწყობას, კახა კალაძის განცხადებით, პარკის პროექტში გარკვეული ხარვეზები იყო.

“ზოგადად, ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა უმნიშვნელოვანესია და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. მოსახლეობის თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ჩვენ რაღაც მიმართულებებით არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს, მაგრამ ეს ყველაფერი ქალაქის ინტერესებიდან, თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა თავის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, ქალაქში არსებული 12 დიდი პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი სამუშაოების პროექტები მომზადდეს, რადგან არსებული საქალაქო პარკების მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის.

კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქში პარკების კულტურა დაბრუნდეს, რომ პარკებში შესვლა სასიამოვნო იყოს. ამას საზოგადოებაც ითხოვს და არსებულ ინფრასტრუქტურასაც მოწესრიგება სჭირდება.

როგორც მაია ბითაძე აცხადებს, მიმდინარე წელს ორი დიდი პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება. უკვე იწყება სამუშაოები ავლაბარში, წურწუმიას ქუჩაზე არსებული,  ამორტიზებული და მოძველებული პარკის განსაახლებლად, ასევე, განახლდება გოძიაშვილის სახელობის “წითელი პარკი”.

“ორივე შემთხვევაში, ძალიან კარგი პროექტებია წარმოდგენილი და წლის ბოლოს, თბილისელებს საშუალება ექნებათ, რომ ამ ორი დიდი განახლებული პარკით ისარგებლონ “, – მიმართა მაია ბითაძემ დედაქალაქის მერს.

 

მსგავსი თემები