ადვოკატი აცხადებს, რომ სკოლა მიყენებული ზარალისთვის, ლუკა სირაძისგან თანხას ითხოვდა

  •  

არასრულწლოვნის საქმესთან დაკავშირებით, დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის თეონა გვაზავას განცხადებით, “მწვანე სკოლა” 15 წლის ლუკა სირაძისგან ზარალის ანაზღაურებისთვის 300 ლარს ითხოვდა. ადვოკატის მტკიცებით, 300 ლარი ღირდა ორი დაფა, რომელიც მოსწავლემ დააზიანა.

ადვოკატის თქმით, გამომძიებელი აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყებას არ აპირებდა და ცდილობდა მხარეები მორიგებულიყვნენ.

„სკოლა იყო ყველაფრის ინიციატორი. სკოლამ დაადგინა, რომ შესაძლოა ლუკა სირაძის მიერ იყო ქმედება განხორციელებული, სკოლამ მიაწოდა ინფორმაცია პოლიციას იმ მოსწავლეთა შესახებ, რომლებიც ფლობდნენ და ადასტურებდნენ არასრულწლოვნის მიერ შესაძლო კედლების მოხატვის ფაქტს და სწორედ სკოლამ, მას შემდეგ, რაც კონსულტაცია მის იურისტებთან გაიარა, მარიანა ჩოლოიანს მოსთხოვა გამოძიების დაწყება, ვინაიდან, იგი გამოძიებას არ იწყებდა, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე. მას სურდა, რომ ქმედება მორიგებით დასრულებულიყო. თუმცა, გამოძიების დაწყებაში აქტიური როლი სკოლამ ითამაშა და რომ არა მათი დაჟინებული მოთხოვნა, საგამოძიებო ორგანო ცდილობდა აღნიშნული საკითხის სხვაგვარად მოგვარებას. ამის შესაძლებლობა გამოძიების დაწყების შემდეგაც ექნებოდა გამომძიებელს, თუმცა, ქალბატონი მარიანა ცდილობდა, გამოძიება საერთოდ არ დაეწყო. საერთოდ, სისხლის სამართლებრივი ღონისძიება, გამოძიების კუთხით, არ მომხდარიყო.

გამოძიების დაწყებას კატეგორიულად ითხოვდა სკოლის წარმომადგენელი, მენეჯერი, რომელიც მოწმის სახით გამოკითხულია, გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და მათი მოთხოვნა დააფიქსირა, რომ გარდა კედლებისა, დაზიანებული იყო 2 დაფა, რომელთა ღირებულება რამდენიმე ასეულ ლარს აღემატებოდა და კატეგორიულად მოითხოვდნენ, ანაზღაურებულიყო სირაძის ოჯახის მიერ. მათი შეფასებით, დაფები 300 ლარად იყო შეფასებული”, – განაცხადა ადვოკატმა

როგორც ჩოლოიანის მეორე ადვოკატმა არჩილ შაბაშვილმა “მედიაცენრ მთავართან” საუბრისას განაცხადა, მას საქმის მასალები ჯერ არ მიუღია. ადვოკატის თქმით, მას საქმის მასალებს სავარაუდოდ დღეს გადასცემენ, როდესაც გამომძიებლისთვის ბრალის წაყენება მოხდება.

მსგავსი თემები