„ველოდებით იმ თანამდებობის პირთა გამოვლენას, ვინც საქმეში იყო ჩარეული“ – ზაზა სარალიძის ადვოკატი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს  პირველად შეიკრიბება. სხდომამდე მედიაცენტრი „მთავარი“ შვილმოკლული მამის ადვოკატს – ნესტან ლონდარიძეს ესაუბრა. როგორც ადვოკატმა ჩვენთან საუბარისას აღნიშნა, პირველ რიგში იმ თანამდებობის პირთა გამოვლენას ელოდებიან, ვინც მკვლელობის საქმეში უხეშად ერეოდა.

 

„დღევანდელ  კომისიის სხდომას  პარლამენტში მე და ზაზა სარალიძე დავესწრებით. ამაზე უკვე  შეთანხმებული ვართ. ჩვენთან არის გასაუბრება დანიშნული. მზად ვართ,  კომისიას  საქმესთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია მივაწოდოთ. კერძოდ – რა ხდება, რა ინფორმაციას ვფლობთ, რა ეჭვები და კითხვის ნიშნები გვაქვს, ვისაუბრებთ მტკიცებულებებზე“ – აღნიშნა ლონდარიძემ მთავართან საუბრისას.

რაც შეეხება მოკლული მოზარდის მამის მოლოდინს, ლონდარიძის თქმით,  მთავარი მოლოდინი სამართლიანი დასკვნაა: „საპარლამენტო კომისიას სრული წვდომა ექნება საქმის მასალებზე. მას ექნება სრული ინფორმაცია საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.  პირველ რიგში, ველოდებით, რომ გამოკვეთს საქმეზე იმ თანამდებობის პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, ვინც ჩარეული იყო ამ საქმეში.  რა თქმა უნდა, ველოდებით სამართლიან დასკვნას.“

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს 13:00-ზეა ჩანიშნული.

მსგავსი თემები