„პოლიტიკური ნება არსებობს, კითხვებს პასუხი გაეცეს“ – გიორგი კახიანი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 6 თვის წინათ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას ოპოზიცია უხელმძღვანელებს. პარლამენტის კომისიის შემადგენლობაში უმცირესობა უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. 17 წევრიან კომისიაში უმცირესობას 9 წევრი ეყოლება.

როგორც “მთავარს” პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განუცხადა, პოლიტიკური ნება არსებობს, რომ კითხვებს პასუხი გაეცეს.

„ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით საპარლამენტო ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი. იმავდროულად, საგამოძიებო კომისიის შექმნა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ხელისუფლების მხრიდან მართლა არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ ამ საკითხთან მიმართებაში თუ რაიმე კითხვა არსებობს, ამ კითხვებს პასუხი გაეცეს. ამ ყველაფრისთვის  სრული კარტბლანში საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფებს ექნებათ. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, საპარლამენტო კომისიას საკმაოდ ძლიერი უფლებამოსილებები და რესურსი გააჩნია“, – განუცხადა კახიანმა „მთავარს“.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში „ევროპული საქართველო“ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. ოპოზიციისთვის პრინციპული საკითხი იყო, რომ კომისიაში მათ გადამწყვეტი გავლენა ჰქონოდათ, რასაც უმრავლესობა დათანხმდა.

“ჩვენი მიზანია, ამ ძალიან მძიმე დანაშაულს ნათელი მოეფინოს და ყველა დეტალი გაცხადდეს. იმედი მაქვს, ყველა სუბიექტი, ვინც კომისიაში იქნება, სწორედ ამ სულისკვეთებით მოქმედებს. ამ შემთხვევაში პარლამენტის საგამოძიებო კომისია აუცილებლად მიაღწევს შედეგს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

მსგავსი თემები