გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს ხელისუფლების შესაცვლელად მობილიზაციისკენ მოუწოდებს

პოლიტიკური პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ყველა პოლიტიკურ პარტიებს  მიმართავს, წყენა და განსხვავებული პოზიციები დაივიწყონ და ხელისუფლების შესაცვლელად, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე, ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად შეკრებას ედპ-ს ოფისში სთავაზობს.

„დღეს არის ის მომენტი, როცა ყველა პოლიტიკური ძალა ერთად უნდა დადგეს. „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და ყველა მივიდეთ ედპ-ს ოფისში და დავილაპარაკოთ, შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა. პოლიტიკოსების ჩართვის გარეშე ნორმალურად ვერ წავა პროცესები. მთავრობა უნდა გადადგეს, ეს არის ზაზა სარალიძის მოთხოვნა. დროა ჩავერთოთ. დღეს მთელი დღე ვაკრიტიკეთ ერთმანეთი, ვწუხვარ, რომ სხვადასხვა პოზიცია იყო. გვინდა დავდგეთ ერთად? დავდგეთ ერთად და შევცვალოთ ეს ხელისუფლება. სხვა გამოსავალი არ არის. ვსიო, მორჩა. უნდა შევიკრათ ყველა ერთად და მივიდეთ იქ, ეპიცენტრში და მოვილაპარაკოთ. არავის დავაჩაგრინებ ზაზა სარალიძეს, დავივიწყოთ ხინჯები“, – განაცხადა ვაშაძემ და აქციაზე წავიდა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი, 2017 წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანი დავით სალარიძის მამაა. შვილმოკლული მშობელი სასამართლო განაჩენს აპროტესტებდა და მკვლელების დასჯას ითხოვდა, ამჟამად კი აქციაზე აქტიურად ისმის ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა. 

მსგავსი თემები