„ვინმეს აქვს ილუზია, რომ პარლამენტი მკვლელობის საქმეს გახსნის?“ – ყოფილი გენპროკურორი


„მთავარის“ ექსკლუზივი

ყოფილი გენერალური პროკურორი, პროფესორი გია მეფარიშვილი, „მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პარლამენტთან მიმდინარე პროცესებსა და აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს აფასებს. მისი თქმით, არც პროკურორი და არც დაზარალებული ოჯახი ახლა არავის აინტერესებს, ყველაფერი გამოიკვეთა და მიმდინარე პროცესებს სამართლიანობასთან და კანონთან კავშირი არ აქვს.  

“ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, რად უნდა ამას ლაპარაკი. საუბარია რევანშზე, ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. ვერ გავიგე ვერაფერი, როგორ უნდა ჩატარდეს გამოძიება ისე, რომ პროკურატურას არ ჰქონდეს შემხებლობა. დღევანდელი მათი მოთხოვნა საერთოდ არ არის კანონთან ბმაში,“ – აცხადებს მეფარიშვილი „მთავართან“.

პარლამენტი მკვლელობის საქმეს ვერ გამოიძიებს

„რაზეც ოპოზიციური გაერთიანება საუბრობს, რომ ხელმძღვანელობა ამ საქმეზე პარლამენტის საგამოძიები კომისიამ უნდა აიღოს, სრული აბსურდი და დიდი კითხვის ნიშანია. მეორე – პროკურატურას არ ვენდობით და ამიტომ, ვითხოვთ, რომ პროკურატურა ამ საქმეში არ უნდა იყოს და საქმე  შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოიძიოს. კი ბატონო, გამოიძიოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაგრამ სამართლებრივი დევნა ანუ პასუხისგებაში მიცემა ვინ უნდა განახორციელოს? თუ ეს ისევ პროკურატურამ უნდა გააკეთოს, მაშინ რაზე ვლაპარაკობთ ან რას ვლაპარაკობთ საერთოდ. თუ ასე ჩატარდება გამოძიება, სასამართლო ისევ გადმოაგდებს ამ საქმეს უკან. ეს იქნება აბსოლუტურად ლოგიკური და დასაბუთებული.“

რატომ ვეთამაშებით ცეცხლს და რაში მდგომარეობს გამოსავალი? 

„გამოსავალი ერთადერთია – პური უნდა გამოაცხოს მეპურემ და მიმდინარე პროცესებს სჭირდება გაანალიზება, პროფესიონალების ჩართვა და გამოსავლის პოვნა . პოლიტიკური მიტინგებით ასეთი საქმე არ კეთდება. ახლა, უნდა დავწყნარდეთ და მივცეთ გამოძიებას საშუალება რაღაც თქვას. ჯერ მოუსმინე რას ლაპარაკობს და მერე გააკრიტიკე და გალანძღე. ამ სისტემაში დავბერდი და ამ 3 პროფესიას ვემსახურები ამდენი წელია. თუ გაბედა და ეს საქმე გააკეთა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ, ვინმეს აქვს იმისი ილუზია რომ პარლამენტი მკვლელობის საქმეს გახსნის? მსგავსი რამ არ გაგონილა. მოწმეები დეპუტატებმა უნდა დაკითხონ? პარლამენტარები ექსპერიმენტებს ჩაატარებენ? ექსპერტიზას დანიშნავენ თუ რას იზამენ? ჭეშმარიტებას როგორ დაადგენენ? ამათ ჰქონიათ, რომ თუ ოპოზიციის და უმრავლესობის გაერთიანება იქნება და რაღაც 6-7 კაციანი საგამოძიებო კომიტეტი შეიქმნება, ამ საქმეზე ჭეშმარიტებას დაადგენენ. ეს არ მოხდება. დიდი იმედგაცრუება და აპათია იქნება.“

სპეციალური პროკურატურის შესახებ საკანონმდებლო ჩანაწერის შესახებ  

„თავიდან ბოლომდე ამ საქმეს აუცილებლად პროკურატურამ უნდა მიხედოს. ბოლოს და ბოლს, კანონმდებლობაში  შეტანილია ცვლილება სპეციალურ პროკურორთან დაკავშირებით, რომელიც იქნება ეთი კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული. დაავიწყდათ ამის შესახებ? შეექმნათ ასეთი ნდობით აღჭურვილი, მაღალი რეიტინგის მქონე კონკრეტული პიროვნება, მიეცათ მისთვის საშუალება,  ის არ შევიდოდა პროკურატურის სისტემაში და დაასრულებდა გამოძიებას ამ საქმეზე. გაიხსენეთ. 1990 წელს ივანოვის საქმე, მაშინ უზბეკებთან დაკავშირებით პრობლემა რომ შეიქმნა, სპეცპროკურორი დაინიშნა. ახლა ასეთ შესაძლებლობას ჩვენი კანონმდებლობაც იძლევა, მაგრამ ვინმეს გაახსენდა?“


მომიტინგეების მოთხოვნა – პროკურორის კანდიდატი დაზარალებულმა ოჯახმა უნდა შეარჩიოს

“ამ მოთხოვნას კანონთან კავშირი არ აქვს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ეს არის სუფთა პოლიტიკა, რომელსაც ოპოზიცია აყენებს. კარგი, ვთქვათ, შეთანხმდა ამ ჯგუფთან, მერე რა ხდება? პროკურორი არის თანამდებობის პირი, რომელიც უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელია. თუ მას ნდობა და მხარდაჭერა ხელისუფლებიდან არ აქვს, როგორ უნდა იმუშაოს? ხალხო, ნუ ლაპარაკობთ უცნაურ რამეზე.  მე მაინც მგონია, ხელისუფელბას ვალდებულებაც აქვს, კონსულტაციები სარალიძის ოჯახთან და მოსახლეობის ფართი ფენებთან აწარმოოს. დღეს მიმდინარე პროცესები კი სუფთა პოლიტიკურია და სამართლებრივთან კავშირი არ აქვს. ვხედავ, რომ პროკურორი არავის აინტერესებს და არც გარდაცვლილის ოჯახი. საუბარია ხელისუფლების ხელში აღებაზე. გამოჩნდა ის, რისი ეჭვიც ყველას გვქონდა. გამოიკვეთა ყველაფერი.“

ესაუბრა  ეკა გულუა

მსგავსი თემები