„ჩვენ, პრეზიდენტის მინდორზე ვერ შევალთ“ – ზვიად ძიძიგური

„თუ პარლამენტმა დაადგინა პარამეტრები, ვისი შეწყალება შეიძლება და ვისი არა, თუკი ეს კანონში გაიწერა, პირდაპირ კანონმა შეიწყალოს პატიმარი, რა საჭიროა მაშინ პრეზიდენტი, ან პრეზიდენტისთვის ასეთი ტიპის კონსტიტუციური უფლების მინიჭება“ – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური პრეზიდენტის მხრიდან განხორციელებულ ხმაურიან შეწყალებას. 


როგორც დეპუტატი აცხადებს, არ არის საჭირო, შეწყალებებთან დაკავშირებით პარლამენტმა დამატებითი რეგულაციები შემოიღოს.

„არ მიმაჩნია სწორად, რომ პარლამენტმა რამე საკანონმდებლო ტიპის პარამეტრები, რეგულაციები და ჩარჩოები უნდა შემოიღოს. ეს არ არის სწორი. ეს აღარ არის მაშინ შეწყალების აქტი და პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ ახალი კონსტიტუციით ავირჩიეთ ისეთ პერსონად, რომელიც არის ზეპარტიული, რომელიც ზემოთ დგას პოლიტიკურ პროცესებზეც, მოვლენებზეც, რომელსაც ასეთი ჰუმანური აქტების განხორციელების დისკრეცია და უფლება აქვს, ის თავისი აქტებით უნდა ამთლიანებდეს საზოგადოებას“,-განაცხადა  ზვიად ძიძიგურმა. 

დეპუტატის შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოში თანხმდებიან, რომ დამატებითი მექანიზმები საჭირო არ არის. 

„ჩემს კოლეგებთან, ვისთანაც კი საუბარი მქონდა, ამ თემაზე, ყველანი ეთანხმებიან, რომ ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და ამ მინდორზე ჩვენ ვერ შევალთ“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
 
 

მსგავსი თემები