“კარგი შედეგი იქნება, რომ პარლამენტმა მოსამართლეთა სია ჩააგდოს” – კახა კოჟორიძე

  •  

“უმეტესობა დასახელებული კანდიდატებისა არის კლანის წევრი”, – ასე აფასებს სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრი, კახა კოჟორიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა იმ სიას, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა.

კოჟორიძის განმარტებით, კლანი დამოუკიდებლად არ მოქმედებს და მისი სიძლიერე გავლენიანი პოლიტიკური პირებისგან მხარდაჭერაა.

“კლანმა ამ ეტაპზე თავისი გაიტანა. ის ერთ-ორი კაცი, იმ სურათის ფერს, რომელიც არის უაღრესად მუქი და პრობლემური ამ ქვეყნის განვითარებისთვის, ვერ ცვლის. ის ილუზია, ვფიქრობ, არავის აქვს, რომ კლანი დამოუკიდებლად მოქმედებს. მისი სიძლიერეც არის ის, რომ მას აქვს მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა უაღრესად გავლენიანი პოლიტიკური პირებისგან. ვვარაუდობთ, დასახელებულ კანდიდატთაგან უმეტესი უზენაესი სასმართლოს მოსამართლე გახდება”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

კითხვაზე, ვის მოიაზრებს ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, კოჟორიძე პასუხობს:

“უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება შალვა თადუმაძე. სხვა შემთხვევაში, ალბათ, არ მოხდებოდა მისი ნომინირება იმ ძალიან მაღალი თანამდებობიდან, რომელსაც ის დღემდე იკავებს, ვგულისხმობ გენერალური პროკურორის თანამდებობას.

როგორც კი პოლიტიკური სიტუაცია იცვლება, კლანიც იცვლებან და მაშინვე უცხადებენ მორჩილებას იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მოვა ხელისუფლებაში. ამიტომაც არიან ისინი საშიში. 

კარგი შედეგი იქნება, რომ პარლამენტში, მოსამართლეთა დამტკიცების საკითხი ჩავარდეს. მეორე ვარიანტია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაიზიარონ და ყველა კანდიდატის შევსება არ მოხდეს, რადგანაც, რეკომენდაციით, ეს საშიშროების შემცველია და დაამტკიცონ არა 20, არამედ, 6 მოსამართლე, დანარჩენი კი მომავალმა პარლამენტმა შეარჩიოს”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები