33 წლის წინ დაწერილი სიმღერა ისტორიული გამარჯვების ჰიმნად იქცა

33 წლის წინ დაწერილი სიმღერა, რომელიც გამარჯვების სიმბოლოდ იქცა – მერაბ სეფაშვილის ცნობილი ჰიტი ისმოდა ყველგან. სტადიონზე ამ სიმღერით საქართველოს ნაკრებს ამხნევებდნენ, მატჩის დასრულების შემდეგ კი უკვე თავად ფეხბურთელები უმღეროდნენ გულშემატკივრებს. გია მაჭარაშვილის მუსიკაზე ირმა სოხაძის მიერ დაწერილ ტექსტში თავდაპირველად გაიღიმეს ნაცვლად დაიძინე იყო, თუმცა მოგვიანებით მერაბ სეფაშვილის თხოვნით ტექსტი შეიცვალა. დღეს კი ჰიტმა სულ სხვა დატვირთვა მიიღო და საქართველოს ნაკრების მიერ დაწერილი კეთილი ზღაპრის სიმბოლოდ იქცა.

მერაბ სეფაშვილი: ბიჭებმა თვითონ წამოიწყეს ეს სიმღერა. მე პირადად არც ერთს არ ვიცნობ. როგორც ვიცი, ამ სიმღერას ხშირად მღერიან. და გუშინ უკვე მთლად მთელი საქართველო მღეროდა მათთან ერთად (იცინის). თბილისის ქუჩებში მოდიოდნენ და მღეროდნენ.

მივედი, მივულოცე ბიჭებს. ძალიან გაუხარდათ რომ დამინახეს. ძალიან ვგულშემატკივრობ ნაკრებს. მიყვარს ფეხბურთი. ცრემლიც ვღვარე. სიხარულისგან მთელი ღამე არ გვძინებია. ძალიან ბედნიერები ვართ ყველა.

“ზღაპრის ბოლო” 2000 წელს ჩავწერე. მუსიკა გია მაჭარაშვილს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი ირმა სოხაძეა. ეს სიმღერა უკვე გამარჯვებასთან და დიდ სიხარულთან იქნება ასოცირებული და მე როგორც ვატყობ, ბიჭები ამ სიმღერას ყველა თამაშზე იმღერებენ! ტრადიციად გაიხდიან, ჰიმნივით შეასრულებენ.

გახარებული ვარ, როგორც ყველა. ამ გამარჯვებას გილოცავთ ყველას.

მსგავსი თემები