საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს – ჯოზეფ ბორელი

საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება, ქვეყანამ აიღოს.

„ჩემი საქართველოში ვიზიტის პროცესში, თქვენთან, ქართველ ხალხთან სამი ძირითადი გზავნილი მაქვს. პირველი არის ის, რომ ნამდვილად, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ძლიერი სულისკვეთება. 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არა მხოლოდ რიცხვია, მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში. უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ბრიუსელში.

ბატონო პრემიერო, თქვენ ნამდვილად ბრძანეთ და გავიგეთ, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას და ასევე, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. ამაზე მქონდა საუბარი პარლამენტის წევრებთან. უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და უმცირესობას უნდა ჰქონდეს თანამშრომლური სულისკვეთება. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა,”- განაცხადა ბორელმა.

 

მსგავსი თემები