,,შოვიდან 30 კმ-ით ვართ დაშორებული და მდინარემ ცხედარი ჩვენი სახლის სიახლოვეს ჩამოიტანა”- გარდაცვლილის მეუღლე

3 აგვისტოს შოვში განვითარებულ სტიქიას ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე ეძებენ ორ დაკარგულს.

გარდაცვლილს შორისაა 38 წლის ნიკოლოზ ჩალაძე, რომელიც შოვში კოტეჯების მშენებლობაზე ორ მეგობართან ერთად მუშაობდა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სტიქიის დროს გარდაცვლილის ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა და სოციალური შემწეობა სჭირდება.

,,სანამ ცხედარს ვიპოვიდით, ის 19 დღე სულ ვფიქრობდი, ნეტავ არ იპოვონ-მეთქი, მკვდარს რომ ვერ დავინახავდი, იმედი მაინც იქნებოდა, რომ სადღაც ცოცხალი იყო… მივხვდი, აზრი აღარ ჰქონდა იქ დგომას და ლოდინს, თუმცა ჩემი მაზლები და მთელი სოფლის ბიჭები იქ იყვნენ. საიდან აღარ ჩამოვიდა ხალხი, მიცვალებულებს ეძებდნენ. ყველგან ხდება მსგავსი ტრაგედია, მაგრამ თურმე სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, მაინც ისე მძაფრად ვერ აღიქვამ.

ბიჭები წყალში, მდინარის ნაპირზე იპოვეს. ჩვენ შოვიდან 30 კმ-ით ვართ დაშორებული და წარმოიდგინეთ, მდინარემ ცხედარი ჩვენი სახლის სიახლოვეს ჩამოიტანა.

პატარა ჯერ ვერაფერს ხვდება, წლინახევრისაა, მაგრამ დემეტრემ იცის, რომ მამა აღარ დაბრუნდება. მაინც მეკითხება ხოლმე, მამა როდის მოვაო, მაგრამ თან ხვდება, რომ ეს აღარ მოხდება. მართალია, დაკრძალვას არ დასწრებია, მაგრამ ხატების კუთხეში გადიდებული ფოტოები გვიწყვია, კანდელიც ხომ გვინთია და… დემეტრე ყოველდღე სურათებთან მიდის, სანთელს ანთებს და თავისებურად ლოცულობს. რომ დაასრულებს, მერე იტყვის ხოლმე, მამა კარგად იქნებაო. მან ჯერ არ იცის, რა არის სიკვდილი, 5 წლისაა. 7 აგვისტოს შოვში ვგეგმავდით მისი დაბადების დღის აღნიშვნას. აწი იქით რა გაიხედავს. დროთა განმავლობაში, ალბათ, ისევ გაკოხტავდება შოვი, სიცოცხლეს დაიბრუნებს, მაგრამ ვინც სტიქიას შეეწირა, მათი ოჯახის წევრები იქით ვეღარ გავიხედავთ.

მხოლოდ ბავშვები იღებენ დახმარებას – 150-150 ლარს (ახლახან 200 გახდა). სოციალურ სამსახურში განაცხადი უკვე შევიტანეთ. ნიკას საქმიანობიდან გამომდინარე, სამსახურში ჩემი მშობლების სახლიდან სიარული არ მიჭირდა. მე და ნიკას საკუთარი სახლი არ გვქონია, ნიკას მშობლების სახლში, ლაგვანთაში სამი ძმის ოჯახები და დედამთილ-მამამთილი ერთად ვცხოვრობთ, ახლა ოჯახის მე-15 წევრს ველოდებით. სახლი არაა იმხელა, სამად რომ გაიყოს, არც ასაშენებელი ადგილი გვაქვს.

დათუნას დაუნის სტრისომიული ფორმა აქვს. გენეტიკური კვლევები დაგვჭირდა იმის დასადგენად, საიდან წამოვიდა დაავა­დება. თავიდან არაფერი ეტყობოდა, 5-6 თვის ასაკიდან შევნიშნეთ და ნევროპათოლოგმა გენეტიკურ კვლევაზე გაგვიშვა, ქრომოსომულ ცვლილებაზე ჰქონდა ეჭვი. მერე დანარჩენებმა ჩავიტარეთ კვლევა და გვითხრეს, რომ გენეტიკური არ არის, მისი წარმომავლობა ვერ დადგინდა. კვლევებიც­ იმიტომ ჩავიტარეთ, რომ მესამე ბავშვზე ვფიქრობდით და გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რაიმე საშიშროება ხომ არ იყო. დათუჩას წინა თვეში 408 ლარი დაენიშნა პენსია, თუმცა მოგეხსენებათ, რამდენი მკურნალობა და ხელშეწყობა სჭირდება დაუნისსინდრომიან ბავშვს. რადგან ნიკამ ხელობა იცოდა, მუდმივად ჰქონდა სამუშაო, ლაგვანთაშიც გვინდოდა სახლის აშენება და წესშიც, რომ გაგვექირავებინა, შემოსავალი გვქონოდა და შვილებისთვის მიგვეხედა. დათუჩას ბევრი რამ სჭირდება, გიგოს ფონდიც შეგვეხმიანა და დახმარებას დაგვპირდა. ბავშვისთვის სხვადასხვა პროგრამაში ჩართვა აუცილებელია, იქნებ განვითარებაში დავეხმაროთ,”- აცხადებს გარდაცვლილი მეუღლე, ეკა გოგლიძე.

წყარო: პრაიმტაიმი

მსგავსი თემები