ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს უკანონოდ დაკავებული ორი მოქალაქე გადასცა

დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა ქართულ მხარეს გადმოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას Ekho Kavkaza დე ფაქტო КГБ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები 2023 წლის 2 იანვარს დააკავეს.

“2023 წლის 2 იანვარს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, 1970 წელს დაბადებული გუგუტიშვილი სერგო გოდერძის ძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთიანთკარის მცხოვრებელი და კახაბრიშვილი თამაზი, რევაზის ძე, დაბადებული 1961 წელს, თბილისიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა განზრახ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის – საქართველოს საზღვარი”, – ციტირებს გამოცემა რეგიონის ე.წ უსაფრთხოების სამსახურს.

საქართველოს მოქალაქეები 18 ივლისს ე.წ სასამართლომ “დამნაშავედ ცნო” და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო 28 ივლისს, “სასჯელის” მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს.

მსგავსი თემები