,,სალომე ზურაბიშვილი გვარამიას თუ შეიწყალებს, გამოდის, რომ მის მიმართ გვარამიას შეფასებას ეთანხმება”- ირაკლი კობახიძე

,,სალომე ზურაბიშვილი გვარამიას თუ შეიწყალებს, გამოდის, რომ მის მიმართ გვარამიას შეფასებას ეთანხმება. დიდი იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარკვეული წითელი ხაზები აქვს, რაც ძალიან კარგია. იმედია, ეს წითელი ხაზები არ გადაიკვეთება“, –   ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  ნიკა გვარამიასთან ერთად, დანაშაულზე პასუხისმგებლებია არიან  მაშინდელი სახალხო დამცველი, ოპოზიციური პარტიები, „ენჯეოები“.

„სხვათა შორის, თავის დროზე იგივე ადამიანები იყვნენ ჩართული კამპანიაში, რომელმაც გვარამიას დანაშაულის ჩადენის საშუალება მისცა. გახსოვთ, მთელი კამპანია იყო, სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაშინდელმა პრეზიდენტმა, მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, „ენჯეოებმა“ და ასე შემდეგ, მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, რათა შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. დაახლოებით ორი წლით ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა. სწორედ ამ შეჩერებამ გვარამიას დანაშაულის ჩადენის საშუალება მისცა. რეალურად, ის თავს დაესხა დამოუკიდებელ მედიას, რომელიც გადასაცემი ჰქონდა მოგვიანებით კანონიერი მფლობელისთვის. მან იცოდა, რომ სტრასბურგი აუცილებლად დაყვებოდა იმ საქმეს, რომელიც განიხილა უზენაესმა სასამართლომ. რეალურად, უზენაესმა სასამართლომ თავის დროზე დაადგინა მარტივი ჭეშმარიტება, რომ კანონიერ მფლობელს წაართვეს „რუსთავი 2“ და რა თქმა უნდა, იგივე გაიმეორა სტრასბურგის სასამართლომ.

გვარამიამ იცოდა, რომ მას კანონიერი მფლობელისთვის გადასაცემი ექნებოდა „რუსთავი 2“, ისარგებლა ორწლიანი შეჩერების პერიოდით. სწორედ ამიტომ, ორ წელიწადში გაძარცვა ტელეკომპანია შვიდი მილიონი ლარით. შესაბამისად, ამ დანაშაულზე გვარამიასთან ერთად, პასუხისმგებელი არიან მაშინდელი პრეზიდენტი, მაშინდელი სახალხო დამცველი, ოპოზიციური პარტიები, „ენჯეოები“ და მათი უცხოელი პატრონები, მათ შორის ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით დღესაც საუბრობენ სხვანაირი ფორმით,”- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები