აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ქვეყნების სიიდან ამოღების გამო, დუმის დეპუტატი „აზიმუტის“ დასჯას ითხოვს

 

ქართული წარმომავლობის რუსი დეპუტატი ზურაბ მაკიევი რუსეთის გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს წერილს უგზავნის და  ავიაკომპანია Azimut-ის დასჯას იმიტომ ითხოვს,  რომ ვებგვერდიდან „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო.

როგორც დეპუტატი აცხადებს, უნდა შემოწმდეს ავიაკომპანიის ქმედებების შესაბამისობა რუსეთის კანონმდებლობასთან.

„რუსულმა ავიაკომპანიამ Azimut-მა ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მითითებული ქვეყნების სიიდან ამოიღო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ავიაკომპანია სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს სთავაზობს, მიუთითონ თავიანთი ეროვნული პასპორტი, როგორც საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი. გთხოვთ, შეამოწმოთ Azimuth Airlines-ის შესაბამისობა რუსეთის კანონმდებლობასთან, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2008 წელს“ – წერს დუმის დეპუტატი.

მაკიევი მეორე წერილს რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ადმინისტრაციასაც უგზავნის და მისგან „აზიმუტისთვის“ ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს.

„თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ Azimut Airlines-ის საჰაერო გადაზიდვის ლიცენზია“, – წერს დუმის ქართული წარმომავლობის დეპუტატი.

 

მსგავსი თემები