„ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ფედერაციამ თავად მიიღეს“ – საგარეო მინისტრი რუსეთთან უვიზო მიმოსვლაზე 

„საქართველო რჩება ერთგული იმ პოლიტიკის რომელიც ეხება საერთაშორისო სანქციებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს“ – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი რუსეთის ფედერაციასთან ფრენებთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისა და საქართველოსთან ფრენების აღდგენის თაობაზე არის მოსკოვის მიერ მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.

„პირველ რიგში, მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილება რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიღებული დამოუკიდებელი იმასთან დაკავშირებით, რომ მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ფედერაციამ თავად მიიღეს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში და ახლა შეცვალეს, ეს არის მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა და ნებისმიერი ქვეყანა წყვეტს თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ დააწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოხსნას. სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე” – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მან საზოგადოებას შეახსენა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთ- საქართველოს ომიდან მალევე, საქართველოს მხრიდან ცალმხრივად იქნა გაუქმებული სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, რაც იმ დროს არსებული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე სენსიტიური იყო.

„მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, როდის და რა რეჟიმში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომელმაც მოუხსნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო მიმოსვლა. ეს იქნა მიღებული სწორედ წინა ხელისუფლების დროს, ყველაზე დიდი და სენსიტიური საკითხი ამაში არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორი წლის თავზე რუსეთ-აქართველოს ომის შემდგომ. ასე რომ, როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ ამ საკითხზე და მოქალაქეებისთვის ვიზების მოხსნა-დაწესების საკითხზე, მინდა, ყველას შევახსენო, რომ ის გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული 2010 წელს. დღეს ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მოუხსნას ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა”- განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

მსგავსი თემები