„საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს და ამ პრინციპსაც მივყვებით“ – პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სანქციების დაწესებაც და მოხსნაც რუსეთის საკითხია და ამაში ქართული მხარე ვერ ჩაერევა და ვერც რაიმე გავლენას მოახდენს.

,,2019-2020 წლებში ჩვენი პარტნიორები მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს სანქციები როგორც ვიზის ნაწილში, ასევე, ფრენების ნაწილში, მოეხსნა. ამ შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველომ ორი რამე განაცხადა მკაფიოდ, რომ ჩვენ ევროპულ განაცხადს მივყვებით კეთილსინდისიერად. ასევე, საქართველო არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ გვერდი აუაროს ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიმართ და საქართველო ამ დანაპირებს პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებს. საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს და ამ პრინციპსაც მივყვებით“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით ჩვენ პირნათელი ვართ საერთაშორისო ძალისხმევის მიმართ.

„ერთი მხრივ, ჩვენ პირნათელი ვართ იმ საერთაშორისო ძალისხმევის მიმართ, რაც გულისხმობს სანქციების შეზღუდვებით რუსეთის იძულებას, რომ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინაში. მეორე მხრივ, ჩვენ დამატებით ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთ ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“ –  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მიმოსვლის გაუქმებასთან დაკაშიებით.

 

მსგავსი თემები