„ყველა უნდა ვაიძულოთ, რომ ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ“ – სალომე ზურაბიშვილი

„ეს ჩვენი დღეა, ჩვენი მომავლის დღეა. ერთად უნდა გავიაროთ ევროპისკენ გზა, რომელიც მიდის ჯერ ამ წლის ბოლომდე და შემდეგ კიდევ სხვა ეტაპებიც იქნება. ეს არის ნამდვილი, მშვიდობიანი მომავალი, რაც უნდა ვიღაცები ლაპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე, რაც გაუგებარია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ვიდეო ჩართვისთვის.

„ეს ჩვენი დღეა, ჩვენი მომავლის დღეა. მინდა, პირველ რიგში, თქვენგან დიდი მადლობა მოვახსენო შარლ მიშელს, რომელიც დაგვეთანხმა, რომ ეს მისალმება გაეკეთებინა დღევანდელ დღეს თავისი ღრმა მხარდაჭერით და მართლაც გულწრფელობით ჩაწერა მიმართვა. ის არის ჩვენი პარტნიორებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ნამდვილად სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის და მზად არის, რომ ყველა ნაბიჯზე დაგვეხმაროს. დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია. ჩვენი, ე.ი პირველ რიგში, საზოგადოების, ჩემი დახმარებით. ჩვენ ერთად უნდა გავიაროთ ეს გზა, რომელიც მიდის ჯერ ამ წლის ბოლომდე და შემდეგ კიდევ სხვა ეტაპებიც იქნება. ყველა უნდა ვაიძულოთ, რომ ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ.

ვინც აქ დგახართ, ძალიან ბევრ თქვენგანს ჰყავს ოჯახი ევროპაში, არის ნამყოფი ევროპაში, სწავლობდა ევროპაში ან იმედი აქვს, რომ ისწავლის ევროპაში, იმუშავებს ევროპაში, მაგრამ ჩემი იმედი ცოტა სხვანაირია, ჩემი იმედი არის, რომ ჩვენ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ყველაფერი ის, რისთვისაც მივდივართ ხოლმე ევროპაში. აქ იყოს ის ცხოვრების სტანდარტები, ის სამუშაო სტანდარტები, აქ იყოს ის კეთილდღეობა, რასაც ვეძებთ სხვაგან“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები