„ვირუსი არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება. არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს, როგორც ინფექციონისტი აცხადებს, ვირუსი არსად წასულა და ის ჯერ კიდევ კლავს ადამიანებს.

„COVID-19-ის პანდემია 21-ე საუკუნის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომელმაც 7 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სერიოზული პრობლემები შეუქმნა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლეს, ცხოვრების ხარისხს და ქვეყნების ეკონომიკას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის გლობალურ პანდემიად გამოცხადების დღიდან (2020 წლის 11 მარტი) 1151 დღის შემდეგ ა.წ. 5 მაისს დასრულებულად გამოაცხადა COVID-19-თან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა.

თუმცა აღნიშნა, რომ COVID-19 რჩება გლობალური ჯანდაცვის მიმდინარე პრობლემად. ეს იმას ნიშნავს, რომ COVID-19 გლობალური ჯანრმთელობისთვის აღარ წარმოადგენს კრიტიკულ და საგანგებო საფრთხეს და ქვეყნებს შეუძლიათ COVID-19-ის საგანგებო მართვიდან გადაეწყონ და COVID მართონ ისე, როგორც მართავენ სხვა ინფექციურ დაავადებებს. ამავე დროს ჯანმო-მ აღნიშნა, რომ COVID არ დასრულებულა და მხოლოდ გასულ კვირას მსოფლიოში COVID-19-ის გამო ყოველ 3 წუთში 1 ადამიანი კვდებოდა და ეს მხოლოდ იმ მონაცემებით, რაც ვიცით.

ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება, რის გამოც არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი. ამასთან ჯანმო აპირებს მიიღოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება და შექმნას კომიტეტი, რომელიც ქვეყნებისთვის COVID-19-ის მართვის გრძელვადიან წესებს შექმნის“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი თემები