„მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების სიმპტომების გამოვლენისთანავე ჩაიტაროს COVID ტესტირება“ – თენგიზ ცერცვაძე

„კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება, რაც შეიძლება ადრე და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

ინფექციონისტის შეფასებით, ვირუსის გავრცელების რისკი ჯერ კიდევ არსებობს.

„როგორი უნდა იყოს ჩვენი ტაქტიკა სადღეისოდ:  COVID რეგულაციები მოხსნილია, თუმცა რისკები რჩება. ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისა და შესაძლო არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები. დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს ყველა ამბულატორიულ, თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: პაქსლოვიდი ან რემდესივირი, რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მით უმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას.

ამას ასეთი ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვხვდება შემთხვევები, როდესაც ოჯახის ან კლინიკის ექიმები, სათანადო ჩვენებების არსებობის შემთხვევაშიც კი სრულიად გაუმართლებლად თავს იკავებენ პაქსლოვიდის ან რემდესივირის გამოყენებისგან, რითაც იზრდება COVID პაციენტების დამძიმების და არასახარბიელო გამოსავლის რისკები“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

მსგავსი თემები