ცხოველის გასეირნების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება, ჯარიმა შესაძლოა გაიზარდოს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა შინაური ბინადრის ყოლის შემთხვევაში, იმ აუცილებელ წესებზე ისაუბრა, რაც მეპატრონეს მოეთხოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაჯარიმდება.

„ცხოველი რეგისტრირებული უნდა იყოს, მეტისის შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია. მინიმალური საკვების მიცემა, ასევე, აუცილებელია მეპატრონემ გასეირნების წესები დაიცვას. კერძოდ, 19:00 საათიდან 23:00 საათამდე, როდესაც გამოგყავს ცხოველი, უნდა გამოიყენო ალიკაპი ან საბელი. ასევე, შესაძლებელია მოკლე საბელით გამოიყვანო, ალიკაპის გარეშე.

ეს მინიმალური წესებია, რომელიც მეპატრონემ უნდა დაიცვას.

არსებობს გასეირნების წესები, რომლის დარღვევის შემთხვევაში მეპატრონე 20 ლარით ჯარიმდება. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, პარლამენტი მუშაობს ამ თემაზე და იგეგმება ამ ჯარიმის გაზრდა. რასაც მეც ვემხრობი. ვფიქრობ, დღეს საკმაოდ დიდ პრობლემა არის ამ მიმართულებით. სკვერებში, სადაც არსებობს ძაღლებისთვის სასეირნო სპეციალური სივრცე ცარიელია და ძაღლების უშვებენ საბელის გარეშე, მაგალითად ბავშვების სივრცეში“,- განაცხადა  გიორგი კობიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც გიორგი  კობიაშვილმა აღნიშნა, მონიტორინგისას საკმაოდ ბევრი დარღვევა ფიქსირდება.

„პირველი ეს არის არარეგისტრირებული ცხოველი და გასეირნების წესების დარღვევა; შემდეგ არის სტერილიზაცია-კასტრაია. ძირითადად, მოქალაქეებს არასტერილური ცხოველები ჰყავთ გამოყვანილი. თუ ეს ცხოველი არ არის მეტისის ჯიშის, შესაბამისი საბუთები უნდა ჰქონდეს მეპატრონეს კინოლოგის მიერ წარმოდგენილი, რომლითაც დადასტურდება ამ ცხოველის ჯიში“ – აღნიშნა კობიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.       

 

მსგავსი თემები