საქალაქო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული

პენიტენციური დაწესებულების მანქანა ესკორტით, რომელიც, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოვიდა, უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე იმყოფება. სავარაუდოდ მასში იმყოფება მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, თუმცა მისი ეტაპირების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შესაბამისი სამსახურების მხრიდან არ ვრცელდება.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმის განხილვა ზუსტად 1 საათში, 11:00 საათზე დაიწყება.

საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით პოლიციელია მობილიზებული, ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.

პარალელურად, სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი მივიდა, ასევე ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, წინა სასამართლო სხდომის დროს, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართა პროცესები შენობის გარე პერიმეტრზე ხმაურიანად წარიმართა. სასამართლოსთან მომხდარი დაპირისპირების დროს 15 ადამიანი დააკავეს, გადაკეტილი იყო გზის სავალი ნაწილიც. 

სხდომის პარალელურად აქცია დაპირისპირებაში რამდენჯერმე გადაიზარდა. 

მსგავსი თემები