,,სამწუხაროა, რომ საქართველოს შიგნით და ქვეყნის გარეთაც მიდის სერიოზული მუშაობა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს”- მამუკა მდინარაძე

„სამწუხაროა, რომ საქართველოს შიგნით, ქვეყნის შიდა მტრები და ქვეყნის გარეთაც მიდის სერიოზული მუშაობა იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რადგან ამაზეა აწყობილი მათი მთელი გეგმები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა რეკომენდაცია, რომელიც დამოკიდებული იყო „ქართულ ოცნებაზე“, ზედმიწევნით სრულდება.

„პრაქტიკულად ყველა პუნქტი, რომელიც აქამდე თეორიულადაც კი შესაძლებელი იყო შესრულებულიყო, შესრულებულია, ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებოდით და იქ არ ვაპირებთ ვინმეს საბაბი მივცეთ საიმისოდ, რომ არშესრულებაზე ვალაპარაკოთ, ან სპეკულაციისთვის სივრცე დავტოვოთ. დეპოლარიზაციაზე თუ არის ლაპარაკი, ეს სამწუხაროდ, მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება, ეს ფორმალური იყოს უკვე, რადგან ამის მოლოდინი მეორე მხრიდან არ გვაქვს. მათი ინტერესია, არ შესრულდეს და კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ, მაგრამ მაინც მოვუწოდებთ, ჩაერთონ დეპოლარიზაციის პროცესში, რამდენადაც მიღებული დავალებები ამის საშუალებას აძლევს. შეიძლება, არ აძლევთ, რჩება რამდენიმე რეკომენდაცია და მათი ნაწილი, მაგალითად, იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა, ჩვენ ამას მცდელობას არ დავაკლებთ.

ყველა რეკომენდაცია, რომელიც დამოკიდებული იყო „ქართულ ოცნებაზე“, ზედმიწევნით სრულდება. ხაზგასმით და მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ, „ქართული ოცნება“ და ქართული სახელმწიფო არავის მიცემს საშუალებას, მათ საბაბად ჩვენ მიერ შეუსრულებელი რეკომენდაციები დადონ, გამოიყენონ და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ამ მოტივით თქვან უარი. რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერი გაკეთდება, მაგრამ სამწუხაროა, რომ საქართველოს შიგნით, ქვეყნის შიდა მტრები და ქვეყნის გარეთაც მიდის სერიოზული მუშაობა იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რადგან ამაზეა აწყობილი მათი მთელი გეგმები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები