„ზოგიერთი ქვეყანა შეერთებული შტატების მეთაურობით, ცეცხლზე ნავთს ასხამს“ – ჩინეთის ელჩი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე

„ჩინეთი ამ კრიზისის არც წამომწყებია და არც მასში მონაწილე მხარე, პირიქით, იგი კრიზისის პოლიტიკურად გადაწყვეტის ინიციატორი და სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდამჭერია“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს.

კერძოდ, როგორც დიპლომატი განმარტავს, ზოგიერთი ქვეყანა უკრაინას ესკალაციისკენ უბიძგებს.

„ზოგიერთი ქვეყანა გეოპოლიტიკური და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ესკალაციისკენ უბიძგებს და განგებ  ხელს უშლის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას. ადამიანებს სამართლიანობის გრძნობა  ბუნებრივად აქვთ, ამიტომ, ყველასთვის აშკარაა, ვინ ასხამს ცეცხლზე ნავთს და ვინ ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ხელის შეწყობას“ – აცხადებს ელჩი.

მისივე შეფასებით,  ჩინეთს გამოკვეთილი და თანმიმდევრული პოზიცია აქვს,  აშშ-ს კი სხვა პოზიცია უჭირავს,

„მშვიდობასა და ომს, დიალოგსა და სანქციებს, ცეცხლის შეკეთებასა და სიტუაციის განმუხტვას შორის, ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, დიალოგსა და განმუხტვას. ჩვენ არ გვაქვს პირადი პოლიტიკური ინტერესი, არ ვაკეთებთ გეოპოლიტიკურ მანიპულაციებს, გულწრფელად ვემხრობით სამშვიდობო დიალოგს და ხელს ვუწყობთ ცეცხლის შეწყვეტას… ზოგიერთი ქვეყანა შეერთებული შტატების მეთაურობით, ცეცხლზე ნავთს ასხამს, რადგან სამხედრო დახმარებით, ცალმხრივი სანქციებით და სხვა საშუალებებით მუდმივად ხელს უწყობს კრიზისის ესკალაციას. ამას თან ერთვის ცივი ომის დროინდელი, ჰეგემონური ქმედებები, როგორიცაა ერთმანეთთან პირის შეკვრა, ზეწოლა, პროვოკაციები“ – აცხადებს ელჩი ჭოუ ციენი.

 

მსგავსი თემები